13 თებერვალს მწერალთა სახლში გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ 25 წლის იუბილე აღინიშნა.
„ლიტერატურული მესხეთი“ 1999 წლიდან უწყვეტად გამოდის.
სამცხე-ჯავახეთში პერიოდული გამოცემის არსებობას იმთავითვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა რეგიონისთვის დღესაც არანაკლებ საგულისხმოა გაზეთის კულტურულ-საგანმანათლებლო როლი.
2024
წელს „ლიტერატურული მესხეთის“ ტირაჟმა 3 000-ს მიაღწია. ვრცელდება მთელ საქართველოში, დედაქალაქში კი 200-მდე ეგზემპლარი. გაზეთი 2008 წლიდან პერიოდულად ატარებს ლიტერატურულ კონკურსებს, აქვს არაერთი საინტერესო რუბრიკა: ისტორია და დოკუმენტალისტიკა, პროზა, პოეზია, კრიტიკა... ყოველი გამოცემის ბოლოს რედაქცია მკითხველს სთავაზობს მესხური ფოლკლორიდან ნიმუშებს და წარსულის ამბებს ძველი პრესიდან.
იუბილეზე „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ საზოგადოებას წარუდგინა მისი თაოსნობით შექმნილი გაზეთის სპეციალური გამოცემა და წიგნები, რომლებიც მესხური ფოლკლორისა და ისტორიის კვლევას მიეძღვნა.