თარიღი : 11.04.2024
პარიზის წიგნის ფესტივალი
Festival du Livre de Paris
12-14 აპრილს მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალში Festival du Livre de Paris პირველად მიიღებს მონაწილეობას საკუთარი სტენდით.
პარიზის წიგნის ფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მოვლენაა ლიტერატურულ სფეროში, რომელიც ყოველწლიურად Exhibitions Park-ში Porte de Versailles-ში იმართება. მასში 1200-მდე გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს მონაწილეობას.
ქართული სტენდის კონცეფცია ჩვენი ლიტერატურის თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ტრადიციის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეიძინონ როგორც ქართული კლასიკური მემკვიდრეობა, ასევე თანამედროვე ავტორების პროზა და პოეზია.
ქართველ გამომცემლებთან ერთად, სტენდზე წარმოდგენილი იქნება მწერალთა სახლის ხელშეწყობით საფრანგეთში დაბეჭდილი ქართველი ავტორების ნაწარმოებები. ფესტივალისთვის მომზადდა საინფორმაციო კატალოგი, სახელწოდებით „ქართული ლიტერატურის თექვსმეტი საუკუნე: ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე".
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. სამი დღის განმავლობაში მოეწყობა საქმიანი შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან და მედიის წარმომადგენლებთან. გაიმართება ქართველი ავტორების პრეზენტაციები, ვორქშოფები და დისკუსიები. ქართველი გამომცემლები, მთარგმნელები და მწერალთა სახლის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებს წარუდგენენ ახალ პროექტებს და დასახავენ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.