თარიღი : 23.04.2024
23 აპრილს მწერალთა სახლში ნინო გუგეშაშვილმა ბორის გუგეშაშვილის სიმღერების ახალი ალბომი - „ყირამალა" წარადგინა. ალბომში შედის ბორის გუგეშაშვილის ყველაზე ცნობილი 10 სიმღერა ფოლკის სტილში, სიმღერების ტექსტები, ანოტაციები და გუგეშაშვილების შემოქმედებითი ბიოგრაფიის ამსახველი წიგნაკი.
საღამოს სტუმრებს მიეცათ საშუალება, შეეძინათ ახალი ალბომი, შეხვედროდნენ შემოქმედებით ჯგუფს და მოესმინათ სიმღერები გუგეშაშვილების ოჯახის წევრების შესრულებით.
წიგნის წინა ყდაზე და დისკზე გამოყენებულია ნინო გუგეშაშვილის ნახატი, უკანა ყდაზე ფოტოგრაფ ვიტალი დვალის უნიკალური ფოტო - გუგეშაშვილების ოჯახი თავდაპირველი შემადგენლობით (ბორის, სოფო და ნინო გუგეშაშვილები, ლია ხიდეშელი) ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით; წიგნი დაბეჭდა შპს „იუ სი ემ" UCM ltd-მ; დისკების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იმუშავა შპს „ქეი სფეისმა"; ალბომის ჩაწერაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა ოჯახის ახლანდელი შემადგენლობით (სოფო და ნინო გუგეშაშვილები, შალვა ხმალაძე, ნინო ბერიშვილი).