თარიღი : 25.04.2024
მწერალთა სახლის საგანმანათლებლო პროექტის „დრამატურგიის სახელოსნო" პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტს უძღვებოდა მწერალი და დრამატურგი ირაკლი სამსონაძე, რომელიც ლიტერატურით, დრამატურგიით დაინტერესებულ ახალგაზრდა ავტორებს მწერლობის ენაზე, დრამატურგიის სპეციფიკაზე, ამბის თხრობაზე, წერის კულტურაზე ესაუბრებოდა.
პროექტი 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და 5 თვე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დაიწერა რამდენიმე ცნობილი ნაწარმოების ინსცენირება, პიესები. დასრულებული ტექსტების ნაწილი გადაცემულია ლიტერატურული პერიოდიკებისთვის, გამოსაქვეყნებლად. ასევე, ინსცენირებები მზადდება თეატრებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ინსცენირებებით რეჟისორების დასაინტერესებლად მწერალთა სახლიც აქტიურად ჩაერთვება.
საგანმანათლებლო პროექტის „დრამატურგიის სახელოსნო" მიზანი იმთავითვე ეს იყო - თეატრების, რეჟისორების ყურადღების მიპყრობა ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტორებისადმი, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, დაწერონ ახალი ქართული პიესა, შექმნან ლიტერატურული ნაწარმოების საინტერესო ინსცენირება და ამგვარად გაამდიდრონ, გაამრავალფეროვნონ თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარი და თანამედროვე ქართული დრამატურგია.
25 აპრილს მწერალთა სახლში პროექტის მონაწილეები - ანა სულამანიძე, ვახტანგ ქანთარია და თამაზ კანდელაკი, ქეთევან დუმბაძეს, ირაკლი სამსონაძეს და ბაჩო კვირტიას შეხვდნენ. ახალგაზრდა ავტორებმა, ირაკლი სამსონაძესთან ერთად, შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განვლილი ხუთი თვე, ისაუბრეს სამუშაო პროცესზე, საკუთარ შთაბეჭდილებებზე და სამომავლო გეგმებზე. ითქვა ისიც, რომ მიუხედავად პროექტის დასრულებისა, მათი ურთიერთობა და მეგობრობა - მათი „ხუთშაბათობები" (ყოველკვირეულად, შეხვედრის დღედ ხუთშაბათი ჰქონდათ არჩეული) გაგრძელდება.
პროექტი „დრამატურგიის სახელოსნო" 1991 წელს, თვალსაჩინო მწერლისა და დრამატურგის, თამაზ ჭილაძის ინიციატივით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დაარსებული ფაკულტეტის - „დრამატურგიის ხელოვნება" - ერთგვარი ანალოგია. ფაკულტეტს თამაზ ჭილაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რომლის კურსდამთავრებულები დღეს ცნობილი მწერლები და დრამატურგები არიან.
უდიდესი მნიშვნელობისა და აქტუალურობის გამო, მწერალთა სახლს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი უნდა გაგრძელდეს, მოიძიოს დრამატურგიითა და ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანები, მოიწვიოს პროფესიონალი დრამატურგები, სცენარისტები, მწერლები, რომლებიც გაუძღვებიან ყოველ მომდევნო ეტაპს და, რასაც ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო, საყურადღებო შედეგი ექნება.