თარიღი : 26.04.2024
26 აპრილიდან მაისის ბოლომდე მწერალთა სახლში მხატვარ მამია მალაზონიას 15 ნამუშევრის დათვალიერებას შეძლებთ.
განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს ხელოვანის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი," რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგანაა შედგენილი და გვთავაზობს სხვადასხვა ამბის ერთდროულ თხრობას.
მამია მალაზონიას შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით და განუმეორებელი ორიგინალურობით. მხატვარი ქმნის ფერწერულ და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მუშაობს თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების მიმართულებით, კინომხატვრობაში, მულტიპლიკაციაში, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების კუთხით.
26 აპრილიდან მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა ელის დამთვალიერებლებს მწერალთა სახლის სივრცეში.
მწერალთა სახლი მადლობას უხდის მხატვრის ქალიშვილს - ნინო მალაზონიას ექსპოზიციის მოსაწყობად გაწეული დახმარებისთვის.