თარიღი : 20.05.2024
მწერალთა სახლის რეზიდენციას ჩეხი ავტორი, იარომირ ტიპლტი სტუმრობს. ავტორი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში გიორგი ლობჟანიძის პოეზიას თარგმნის.
იარომირ ტიპლტიმ გასაუბრებისას აზრი რამდენიმე საკითხზე გაგვიზიარა:
იგი იმ ავტორთა რიცხვშია, რომელთაც წერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეს. მისი შთაგონების ერთ-ერთი მძლავრი წყარო კი მშობლიური გარემო - ბოჰემიის მთიანეთი იყო, სპირიტუალიზმით და მითოლოგიით გამორჩეული მხარე.
შეკითხვაზე, რჩება თუ არა დღემდე ეს მოტივები მისი შემოქმედების უცვლელ ელემენტად, პასუხობს, რომ ეს ისაა, რასაც მუდამ თან ატარებს და, შესაბამისად, დღესაც, სპირიტუალიზმი მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად რჩება.
იარომირ ტიპლტი გარდა მწერლობისა, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მას აქვს დოქტორის ხარისხი და კითხულობს ლექციებს ლიტერატურაზე, თუმცა თვლის, რომ პედაგოგი ნაკლებად არის და ეს საქმიანობა უფრო მისი შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებაა, რადგან აკვირდება სტუდენტებს, მათ ინტერესებს. ინტერესები კი მართლაც განსხვავებულია - თუ მისი თაობა უფრო დამოუკიდებლობის იდეისა და სხვადასხვა არამატერიალური პოსტულატების შეცნობას ცდილობდა, ახალ თაობაში უფრო საზოგადოებრივი, სოციალური და პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესი იგრძნობა. „მათ სურთ შეცვალონ სამყარო" - ამბობს ავტორი.
• შეკითხვაზე, ზოგადად, როგორია თანამედროვე ჩეხური ლიტერატურა და რით გამოირჩევიან ახალგაზრდა ჩეხი მწერლები, აღნიშნავს, რომ „კოვიდ"- პანდემიის შემდეგ, თანამედროვე ჩეხ მწერლებში გაიზარდა ინტერესი პოეზიისადმი. აგრეთვე მათ, როგორც ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, იტაცებს აღმოსავლური სპირიტუალიზმი.
რაც შეეხება ჩეხ მკითხველსა და მათ ინტერესებს, მიაჩნია, რომ, სამწუხაროდ, დროსთან ერთად, მასობრივად, ხალხი უფრო და უფრო პრაგმატულ საზოგადოებად ყალიბდება, ღრმად გამჯდარი მომხმარებლური დამოკიდებულებით. იქაც, სადაც ადგილი რჩება შემოქმედებისა და სულიერებისადმი, მეტწილად, უფრო მათ ალტერნატიულ გზებს და ჩამნაცვლებლებს ეძებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ დღეს ჩეხი მწერლების უმრავლესობა ლიტერატურულთან ერთად, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული, რადგან ფაქტობრივად, შეუძლებელია, გქონდეს ფუფუნება, მხოლოდ მწერლობით დაკავდე.
იარომირ ტიპლტის შემოქმედებითი საღამო მწერალთა სახლში
20 მაისს 19:00 -ზე გაიმართება.