თარიღი : 24.05.2024
23 მაისს მწერალთა სახლში „სტუდიო მემორის" დოკუმენტური ფილმის - „ქართველების „პარიჟი" (ქართველი არისტოკრატები შანელის სახლში)" და ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. გარდა ამისა, საღამოს სტუმრებისათვის მწერალთა სახლის ფოიეში ფილმის პერსონაჟების პორტრეტების გამოფენა იყო წარმოდგენილი.
პრეზენტაციის ძირითადი თემა პოლიტიკა და მოდა იყო. დოკუმენტური ფილმი და ალბომი ეძღვნება ქართული არისტოკრატიის იძულებით ემიგრაციას და დამკვიდრებას საფრანგეთის მიწაზე, სადაც, განსაცდელთან ერთად, მათ აღიარებაც ელოდათ. ფილმში ემიგრაციის ზოგადი სურათი იკვეთება, მაღალი წრის ხუთი ქალბატონის, პოეტთა და მხატვართა აღიარებული მუზების - მერი შერვაშიძის, მელიტა ჩოლოყაშვილის, რიმა ერისთავის, ანა ჭავჭავაძისა და ლილია ზელენსკაიას ბიოგრაფიების ფონზე, რომლებიც მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში კოკო შანელის მოდელები იყვნენ.
პროექტის ხელმძღვანელია რუსუდან ფანცულაია, წიგნისა და ფილმის სცენარის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი და ოპერატორი - ზვიად მიქელაძე. ფილმი მომზადდა „სტუდიო მემორიში".