თარიღი : 10.06.2024
2 ივნისს მწერალთა სახლში მაია აგიაშვილის სადებიუტო რომანის „სამოთხის სულ ოდნავ სამხრეთით" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის მთავარი გმირები ახალგაზრდა ქალები არიან - ორი და, და მათი ბავშვობის მეგობრები. სწორედ ამ ოთხი ლამაზი, გონიერი, ხალისიანი, ენამოსწრებული, მტკიცე ხასიათის მქონე, შეუპოვარი ადამიანის მიმოწერაზეა რომანი აგებული. პატარაობიდან განუყრელნი, უკვე გაზრდილებიც, დაქალებულები, საქმიანები და ათასი საფიქრალით მოცულნი, ყოველდღე ისევ ბავშვური გულწრფელობით უყვებიან ერთმანეთს საკუთარ ამბებს, უზიარებენ სიხარულს, სადარდელს, ეჭვებს; ბჭობენ, ცხარობენ, კამათობენ, ხარობენ, ნაღვლობენ. მეგობრებმა, რომლებიც ცხოვრებამ სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მიმოფანტა, უერთმანეთო ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად ელ.წერილებით ურთიერთობა დათქვეს. ამ მიმოწერაში, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, მათი უამრავი ახლობელი ადამიანი, წარსულში მომხდარი თუ ახალი ამბები, თავბრუდამხვევი ფათერაკები, მოულოდნელი ბედნიერების მღელვარე წუთები თუ განსაცდელები აისახა და ასე, წერილ-წერილ მოიქსოვა ოთხი გადასარევი, ერთმანეთისთვის თავდადებული გოგოს ნაირფერი, საინტერესო, სიყვარულით, ერთგულებით, საკვირველი იუმორით გაჯერებული ისტორია.
„მე ქალების დაწერილი წიგნებიც მიყვარს და ქალებზე დაწერილიც. ესეც ქალებზე დაწერილი წიგნია", - წერს ავტორი წინათქმაში, ძალიან მაინტერესებს, თუ მოგეწონებათო... ქალის დაწერილი, ქალებზე დაწერილი და როგორი კეთილი, ღიმილიანი, დროდადრო ცრემლიანიც, მსუბუქი, ლაღი, პოეტური და წრფელზე წრფელი „სამოთხის სულ ოდნავ სამხრეთით", რომელიც მკითხველს შეახსენებს დამქანცველ ყოველდღიურობაში ცოტა მივიწყებულ ფასდაუდებელ განცდებს, შეგრძნებებს, სურნელებს, ლექსებს, მუსიკას, სამყაროს - ისეთს, როგორსაც ბავშვობაში ხედავდა.
გამომცემელი: ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო