თარიღი : 10.06.2024
9 ივნისს მწერალთა სახლში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა თანამედროვე ქართველი დრამატურგის - ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ!" საჯაროდ წაიკითხეს. ახალგაზრდებს ხელმძღვანელობდა თეატრმცოდნე, მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
პიესის კითხვაში მონაწილეობდნენ: ვატო სანიკიძე, მარიამ მღებრიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ნინი ურუმაშვილი, კესო დვალიშვილი, ნინა შონია, თორნიკე მიქაძე და მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი. პერფორმანსს განსაკუთრებულ დინამიკას სძენდა დრამით აკომპანირება, რომელსაც სოსო ცაგარეიშვილი ასრულებდა.
პიესა დინამიკური, გროტესკული ელემენტებით გამოირჩეოდა, გაჯერებული იყო იუმორით და ჩვენი ობიექტური რეალობის ალუზიებით. კითხვის მონაწილეთა შესრულებამ დამსწრეთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტებმა პიესაზე მუშაობა დრამატურგთან ერთად დაიწყეს და მათ ზუსტად ისწავლეს პიესის „კითხვა" - ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი მსახიობის შემოქმედებაში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მწერალთა სახლი აქტიურად მუშაობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩვენს სივრცეში პერმანენტული გახდეს და ახალ თაობაში ქართული კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს.