თარიღი : 15.10.2024
11 ოქტომბერს, უკვე ტრადიციულად ყოველ პარასკევ საღამოს, მწერალთა სახლში ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებითი საღამოების ციკლის „ახალი სახელები“ რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
„ახალი სახელები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ავტორების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, მათი შემოქმედების გაცილებით მეტ მკითხველამდე მიტანას და ამგვარად მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
გუშინდელ საღამოზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ: ეკა ქაჯაია (პოეტი), გოდერძი გიგიტაშვილი (პროზაიკოსი) და ნინა სამხარაძე (პოეტი).
სამივე ავტორის ტექსტები ძალიან საინტერესოა და უკვე მიიქცია მკითხველის ყურადღება.
საღამოს მოდერაციას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე უწევდა, რომელმაც სტუმრებს ვრცლად გააცნო ავტორთა შემოქმედების შესახებ საკუთარი შეფასება, ასევე მათი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები წაუკითხა.
უშუალოდ ავტორების გარდა, მათი რჩეული ნამუშევრები ახალგაზრდა მწერლების მეგობრებმაც წაიკითხეს.
შეხვედრის ბოლოს შემოქმედებითი საღამო კრიტიკოსმა თამარელა წოწორიამ შეაჯამა.
პროექტის ფარგლებში მომდევნო სამი ახალგაზრდა ავტორის ვინაობას და შეხვედრის თარიღს მწერალთა სახლი საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებს.