თარიღი : 15.10.2024
14 ოქტომბერს მწერალთა სახლში ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსში გამარჯვებულის დაჯილდოება შედგა.
ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება „ქართულმა“ 2024 წლის 16 აგვისტოს დააარსა, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის. გამოცხადებულ კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო.
ჟიურიმ განიხილა კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი, ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ლექსები. წლევანდელი გამარჯვებული ოთო ფალიანი გახდა.
მან მიიღო სიგელი და მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიას მიერ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დამზადებული ლადო ასათიანის მედალი, ასევე ფულადი ჯილდო 3 000 ლარის ოდენობით.
საზოგადოება „ქართული“, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ფარგლებში, გამოსცემს შესანიშნავი ქართველი პოეტის სახელობის ლიტერატურულ ალმანახს, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის ლექსი გამოქვეყნდება. დღევანდელ საღამოზე საზოგადოებამ კონკურსში მონაწილე ავტორებისგან მათი ლექსები მოისმინა.
ღონისძიების ბოლოს, ანსამბლმა „ბასიანი“ ლადო ასათიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულა.
ლადო ასათიანის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა − მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიამ მწერალთა სახლს საჩუქრად გადასცა მიერ შესრულებული ლადო ასათიანის ბიუსტი.