ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებითი საღამოების ციკლის „ახალი სახელები“ მორიგი შეხვედრა

თარიღი : 23.10.2024

18 ოქტომბერს, უკვე ტრადიციულად ყოველ პარასკევ საღამოს, მწერალთა სახლში ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებითი საღამოების ციკლის „ახალი სახელები“ მორიგი შეხვედრა შედგა.

„ახალი სახელები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ავტორების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, მათი შემოქმედების გაცილებით მეტ მკითხველამდე მიტანას და ამგვარად მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

დღევანდელ საღამოზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ: მარი ჩაკვეტაძე (პოეტი), ნიკოლოზ ცისკარიშვილი (პროზაიკოსი) და სალომეა ლომინაძე (პოეტი).

სამივე ავტორის შემოქმედება ერთმანეთისგან განსხვავებული, ორიგინალური და ემოციებით დატვირთული იყო, რაც გადამდები აღმოჩნდა აუდიტორიისთვის − საღამოს სტუმრებს შეხვედრის გაგრძელება უფრო და უფრო დიდხანს სურდათ.

საღამოს მოდერაციას მწერალი ბაჩო კვირტია უწევდა, რომელმაც აუდიტორიას საკუთარი შეფასებები გაუზიარა ავტორთა შემოქმედების ირგვლივ და რამდენიმე ლექსი, ასევე მოთხრობიდან ფრაგმენტი წაუკითხა.

უშუალოდ ავტორების გარდა, მათი რჩეული ლექსები ახალგაზრდა მწერლების მეგობრებმაც წაიკითხეს.

შეხვედრა დაგეგმილზე ბევრად დიდხანს გაგრძელდა, რაც საერთო ემოციურმა ფონმა განაპირობა.

პროექტის ფარგლებში მომდევნო სამი ავტორის ვინაობას და შეხვედრის ზუსტ თარიღს მწერალთა სახლი საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებს.