თარიღი : 23.10.2024
21 ოქტომბერს მწერალთა სახლში ჩატარდა კითხვა-წარდგინება ზურაბ კანდელაკის პიესისა „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“.
პიესა ეხება აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ხვდებიან თოქ-შოუს ჩაწერაზე, სადაც უნდა გაიარონ კასტინგი და კომისიის დავალებით შეასრულონ სხვადასხვა ნაწყვეტი ნათამაშები როლებიდან. რეპეტიციის პროცესში ისინი იხსენებენ სოხუმის თეატრს, იქაურ განუმეორებელ ატმოსფეროს და ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს, აღსავსეს სევდით, იუმორით, ტრაგიზმითა და ოპტიმიზმით.
საკუთრივ პროექტი წარმოადგენს მოსასმენ თამაშს, განკუთვნილს მაყურებლისთვის. ასეთი ფორმა, რომლის გერმანული დედანი იკითხება, როგორც „ჰორშპილი“, პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და აშშ-ის თეატრებში. რადიოპიესის გამომსახველობითი საშუალებები ავტორსა და მსახიობებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას. ამ ფორმით მოწოდებული სპექტაკლი არ არის შეზღუდული დროით და სივრცით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ყველა ლიტერატურული ხერხი − იქნება ეს ცნობიერების ნაკადი თუ ასოციაციური მეთოდი. ასე რომ, თუ მივყვებით ასოციაციების ჯაჭვს, შესაძლებელია, რომ პიესის კითხვა-წარდგინების დროს გაჟღერებულმა მოგონებებმა მაყურებელში გააცოცხლოს წარსულის სურათები... ყველაფერი დამოკიდებულია შემსრულებლების ოსტატობასა და მაყურებლის ფანტაზიაზე.
მონაწილეობენ: ლილი ხურითი და გივი ჩუგუაშვილი.
პიესის ავტორი და რეჟისორი: ზურაბ კანდელაკი.
რეჟისორის თამაშემწე: სვეტა გოგოხია.
პროდიუსერი: კობა ცხაკაია.
ხმის რეჟისორი: თაზო კანდელაკი.