თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა, ხათუნა მზარელუამ მწერალთა სახლში საჯარო ლექცია გამართა

თარიღი : 23.10.2024

22 ოქტომბერს თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა, ხათუნა მზარელუამ მწერალთა სახლში გამართა საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა ბალეტს – „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ (შეიქმნა ფრანგი პოეტის, სტეფან მალარმეს ამავე სახელწოდების ლექსზე), და ამ ბალეტთან ცისფერყანწელების კავშირს.

ხათუნა მზარელუას მიზანია, ყოველ საჯარო ლექციაზე წარმოაჩინოს ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურას, ასევე ქართულ ხელოვნებასა და ლიტერატურას შორის არსებული კავშირები. ბალეტი „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ მას შემთხვევით არ აურჩევია. მალარმეს ლექსებს საქართველოში გასული საუკუნის დასაწყისშივე იცნობდნენ ცისფერყანწელები: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი. ისინი ამ ლექსებს დედანში კითხულობდნენ, თარგმნიდნენ და ფრანგ პოეტს ლექსებსაც უძღვნიდნენ. მალარმეს ცნობილი პასტორალური ჟანრის ლექსი − ეკლოგა, სწორედ ვალერიან გაფრინდაშვილმა თარგმნა. 

ცისფერყანწელები კარგად აცნობიერებდნენ, რომ „ფავნი“ საეტაპო მნიშვნელობის ლექსი იყო. ისინი თავს მალარმეს სულიერ ძმებადაც მიიჩნევდნენ.

ერთმოქმედებიანი ბალეტის „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ პრემიერა შედგა 1912 წლის 29 მაისს, პარიზის შატლეს თეატრში. მუსიკის ავტორი გახლდათ კლოდ დებიუსი, ქორეოგრაფია დადგა ვაცლავ ნიჟინსკიმ, დეკორაცია და კოსტიუმები კი ლეონ ბაკსტის შემოქმედებაა.

ლექციაზე ნაჩვენები იყო ბალეტის ვიდეოვერსიებიც, მათ შორის მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ჟენევის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, სიდი ლარბი შერკაუის თანამედროვე ინტერპრეტაცია − Faun.