დღეს პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
გ
ახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია და მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე დაესწრნენ.
ფესტივალში საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობს. მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეორედ წარდგა პარიზის წიგნის ფესტივალზე.
ქართული სტენდის კონცეფცია იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ირგვლივ აიგო და მიმდინარეობს სლოგანით ,,აღმოაჩინე ქართული საიდუმლო _ ,,ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს". გახსნის ღონისძიებაც სწორედ იოანე ზოსიმეს შესახებ ფილმის ჩვენებით დაიწყო.
მწერალთა სახლის მხარდაჭერით, პარიზის წიგნის ფესტივალისთვის, ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები, სამეცნიერო-პოპულარული და კრიტიკული ნაშრომები, საბავშვო ლიტერატურა და წიგნები ქართული ხელოვნების შესახებ.
მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებთან ერთად, ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“, ,,სეზანი’’, „ბაკმი“, ,,მერიდიანი’’, თსუ-ს გამომცემლობა, ,,საქწიგნი’’, ,,წიგნი+ერი’’, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ,,ქართული ფილმი.’’ ქართული სტენდი 200-მდე
დასახელების წიგნს აერთიანებს. მათი უმრავლესობა ფრანგულენოვანი გამოცემაა.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან, პანელური დისკუსიები, საქმიანი შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, კინოჩვენებები და კონცერტი -„პოეზია, როგორც მუსიკის ინსპირაცია“.
Grand Palais-ში საქართველოს ეროვნულ სტენდზე მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი რეგულარულად მოგაწოდებთ.