თარიღი : 23.04.2025
ქართული-სერბული ლიტერატურული ურთიერთობების ფარგლებში მწერალთა სახლს სერბი პოეტები სტუმრობენ.
მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის 2024 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება პროექტი, რომლის მიმდინარე ეტაპი ექვსი ქართველი და ექვსი სერბი პოეტის ერთობლივ, თარგმანით მუშაობას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ამავე ლიტერატურული ურთიერთობების ფარგლებში, სერბეთის ქალაქ მრჩაევცში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე International Poetry Event, სერბეთის მწერალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქართველ პოეტ ნინია სადღობელაშვილს ჯილდო გადასცეს. მისი ლექსები სერბულ ენაზე ითარგმნა და გაიმართა შეხვედრა მკითხველთან.
24 აპრილს მწერალთა სახლში გაიმართება სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილე ავტორების შემოქმედებითი საღამო.
პროექტის ფარგლებში პოეტების ლექსები ითარგმნება და გამოიცემა ორენოვანი კრებულის სახით.
მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის დადებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და სერბი ავტორების თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი ნაწარმოებების თარგმნასა და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში მათ მონაწილეობას.