თარიღი : 13.06.2025
მწერალთა სახლში ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა.
ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ნანა ყაულაშვილმა ისაუბრა თოჯინების შექმნის პროცესზე და იმაზე, თუ როგორ იბადება თითოეულ თოჯინასთან ერთად უნიკალური ამბავი. ხელოვანის თქმით, პერსონაჟები სულიერად და ემოციურად დაკავშირებულია კონკრეტულ თემებთან და ამბავიც სწორედ ამ განცდებიდან იძერწება.
წიგნის წარდგენის შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნატალი ჭიჭინაძემ და ანა გოგაძემ ნანა ყაულაშვილის წიგნიდან წაიკითხეს ავტორისვე შეთხზული ამბები თოჯინებზე.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილია ნაქარგობები და ხატები.
ნანა ყაულაშვილი თანამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მან საკუთარი შემოქმედებით ჯადოსნური სამყარო შექმნა, სადაც მოგზაურობა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო და შთამაგონებელია.
ხელოვანის მიერ შექმნილი თოჯინების უმეტესობა მოძრავია, მათი სამოსის დეტალები კი ეროვნულ კულტურაზე დაყრდნობით არის შექმნილი.
ქალბატონი ნანა თოჯინების გარდა ხატავს და ფლობს მხატვრული ქარგვის ტექნიკას. შექმნილი აქვს როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთები.
ნანა ყაულაშვილი 2014 წელს მონაწილეობდა ქალაქ მიუნსტერის მეთოჯინეთა ცნობილ გამოფენაში, რასაც მოჰყვა მონაწილეობა პრაღის, ბაქოსა და ალიკანტეს საერთაშორისო გამოფენებში.
მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპოზიცია 2019 წელს თბილისის ხელოვნების სასახლეში გაიმართა.
გამოფენები: 2023 წ. გერმანია, ქ. ნოიშტატი, მაქს ოსკარ არნოლდის პრემია „ოსკარი“ წინა წლების გამარჯვებულთა ნომინაციაში. 2022 წ. გერმანიის ქ. ნოიშტატი, მაქს ოსკარ არნოლდის პრემია „ოსკარი“ ნომინაციაში საუკეთესო თოჯინა.
2020 წ. და 2015 წ. − პერსონალური გამოფენები თბილისში.
თბილისის სამივე თოჯინების საერთაშორისო გამოფენა და მრავალი ჯგუფური გამოფენა თბილისში.
2015 წლიდან: მიუნსტერის, პრაღის, ბაქოს, ალიკანტეს, ნოიშტატის საერთაშორისო გამოფენები.
მისი ოთხი ნამუშევარი დაცულია თბილისის სათამაშოების მუზეუმში, ორი ნამუშევარი ხელოვნების სასახლეში. ასევე ჩინეთის, ისრაელის, რუსეთის, სომხეთის, ამერიკის, აზერბაიჯანის, საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
დამთვალიერებლები ნანა ყაულაშვილის გამოფენის ნახვას მწერალთა სახლში 14 და 15 ივნისს, 12:00-დან 18:00 საათამდე შეძლებენ.