თარიღი : 13.06.2025
დღეს, მწერალთა სახლში, ტიციან ტაბიძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებს კონკურსის ფარგლებში დაწესებული პრიზები გადავეცით.
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და პრემიები:
• I პრემია – „ბიბლუსის“ 300-ლარიანი ვაუჩერი
• II პრემია – „ბიბლუსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი
• III პრემია – „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერი
ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებულებმა მადლობა გადაუხადეს მწერალთა სახლს იმ პროექტებისთვის, რომლებიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ და საკუთარი ძალები მოსინჯონ მხატვრული ლიტერატურისა და წერის მიმართულებით.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კონკურსის მონაწილეებმა დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები, ასევე ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინების გამოფენა დაათვალიერეს, რომელსაც მწერალთა სახლი მიმდინარე დღეებში მასპინძლობს.
კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები.
გამარჯვებული ავტორები და თემები:
• I ადგილი – ანასტასია სადრაძე, „ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია...“ (ტიციანი და რეპრესიების პერიოდი საქართველოში), თბილისის №24 საჯარო სკოლის X კლასი
• II ადგილი – ნოდარ კოლოტაშვილი, „ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია...“ (ტიციანი და რეპრესიების პერიოდი საქართველოში), გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის X კლასი
• III ადგილი – ნია დავითიანი, „რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად“ (ტიციანი და ცისფერყანწელები), თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“
ტიციან ტაბიძის საიუბილეო წლის ფარგლებში მწერალთა სახლმა კონკურსი სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად გამოაცხადა.