ქართული პოეზიის საღამო გენუის ფესტივალში

თარიღი : 07.06.2025

7 ივნისს, გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, დუკალის სასახლის პოეზიის ოთახში თანამედროვე ქართული პოეზიის საღამო შედგა.
საკუთარი პოეტური შემოქმედება იტალიელ და ქართველ სტუმრებს გააცნეს პოეტებმა: გიორგი ლობჟანიძემ, მანონ ბულისკერიამ, მაია მინდელმა, ვახო ვახტანგაძემ და შოთა ვეკუამ.
საღამოს მოდერატორი და პოეტების იტალიური თარგმანების ავტორი ნუნუ გელაძე იყო, რომელმაც ლექსები იტალიურ ენაზე წაუკითხა აუდიტორიას.
ხუთი ქართველი პოეტი ერთმანეთს ენაცვლებოდა საკუთარი ლექსების კითხვისას, და ამასთან ერთმანეთს ენაცვლებოდა ხუთი განსხვავებული პოეტური სამყარო, ესთეტიკა, წარმოსახვა და ემოცია.ამ კონტრასტებს გრძნობდა მსმენელიც, რომელიც ზუსტად რეაგირებდა თითოეული ლექსის დეკლამაციის შემდეგ.
საღამოს სტუმრების რაოდენობა მრავალრიცხოვანი იყო, რომლებმაც დიდი ინტერესი და მოწონება გამოხატეს თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედების მიმართ.
პოეზიის საღამოს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ. ეს შეხვედრა ფესტივალის ქართველი მონაწილეებისთვის და თავად ემიგრანტებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა.
5 ივნისს გამართული ქართული ფილმების ჩვენებით და თანამედროვე ქართული პოეზიის საღამოთი გენუის საერთაშორისო ფესტივალს ქართველი მონაწილეები მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ.