რევაზ კვერენჩხილაძის წიგნის „საბუთები ღაღადებენ“ პრეზენტაცია

თარიღი : 23.06.2025

22 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართა რევაზ კვერენჩხილაძის წიგნის „საბუთები ღაღადებენ“ და ამავე წიგნის მიხედვით შექმნილი აუდიოწიგნის პრეზენტაცია.
წიგნი წარადგინა ავტორის ქალიშვილმა − მაკა კვერენჩხილაძემ.
გამომსვლელებს შორის იყვნენ დრამატურგი, მეცნიერი და მწერალი მზია ხეთაგური; კინორეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი კობა ცხაკაია; ასევე გუბაზ მეგრელიძე, თემურ ჟურული, გიორგი მეხრიშვილი და სხვ.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ წიგნი უაღრესად ფასეულია, როგორც ისტორიული წყარო, რადგან ეფუძნება ავთენტურ დოკუმენტებს, რაც მას სანდოობასა და განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს.
აღინიშნა, რომ ქრონოლოგიურად აგებული თხრობის სტილი მკითხველსა და მსმენელს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიაზროს საბჭოთა რეპრესიული მექანიზმის მასშტაბი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ეს მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს შეტანილი სკოლების სასწავლო პროგრამაში, რათა ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ ქვეყნის ისტორიის დრამატული პერიოდი.
წიგნში თავმოყრილია უნიკალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვების სიხარულს, იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ რეალობას და დამოუკიდებლობის დაკარგვის ტრაგიკულ ფონს.
მკითხველი გაეცნობა საზოგადოებრივ მიმართვებს, პუბლიცისტურ წერილებს, ღიად და ფარულად გავრცელებულ ლექსებს, პირად ისტორიებს, რეპრესირებულთა მონათხრობებს, საპატიმრო ბარათებს, სასამართლო სტენოგრამებსა და პარტიული ცენზურის დადგენილებებს.
აუდიოწიგნი მოიცავს 1918-1954 წლების მოვლენებს და დეტალურად აღწერს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში არსებულ რეპრესიებს.
რევაზ კვერენჩხილაძის წიგნი „საბუთები ღაღადებენ“ და ამავე სახელწოდების აუდიოწიგნი გამოიცა გამომცემლობა „ბილიკების“ მიერ, მწერალთა სახლის საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.