„ახალი ქართული მოთხრობა“: გამარჯვებულთა დაჯილდოება

თარიღი : 04.07.2025

 

დღეს მწერალთა სახლში გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსისახალი ქართული მოთხრობაგამარჯვებულებთან შეხვედრა და მათი დაჯილდოება შედგა.

მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, ასევე კონკურსის ჟიურის წევრებიგია არგანაშვილი, გელა ჩქვანავა და ბაჩო კვირტია შეხვდნენ კონკურსის გამარჯვებულებსთამარ სხილაძეს და თეონა ლეჟავას.

ქეთევან დუმბაძემ ისაუბრა კონკურსის მიზანსა და მნიშვნელობაზე, რომ თანამედროვე ქართულ მოთხრობას მეტი განვითარება და პოპულარიზაცია სჭირდება, ასევე აუცილებელია ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი შემოქმედების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, რისი ერთ-ერთი ეფექტიანი გზა მსგავსი ფორმატის კონკურსების დაარსებაა.

გია არგანაშვილმა მოკლედ მიმოიხილა სამივე რჩეული ტექსტი, შეაფასა მოთხრობების მხატვრული მხარე და გამოთქვა სურვილი, ბევრად მეტმა ახალგაზრდა ავტორმა მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში.

ბაჩო კვირტიამ ხაზი გაუსვა, რომ ჟიურის გადაწყვეტილება, კონკურსის მთავარ ნომინაციაშირჩეული მოთხრობაარ გაეცათ პრემია, გამომდინარეობს იმ პრინციპიდან, რომ ყველაფერი, რაც გურამ რჩეულიშვილის სახელს უკავშირდება, მათ შორის უპირველესად ლიტერატურული კონკურსები და პრემიები, უნდა იყოს მაღალი მხატვრული ღირებულების, რასაც აღნიშნული კონკურსი უსათუოდ მიაღწევს.

გელა ჩქვანავას სიტყვებით, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში დღეს ბევრი ძალიან ნიჭიერი, საინტერესო ავტორია, რომლებსაც მიგნება, წარმოჩენა და ხელშეწყობა სჭირდებათ. ასევე საყურადღებო და დამაფიქრებელია ხელოვნური ინტელექტის ასეთი არნახული ექსპანსია, რომელიც უკვე ლიტერატურაშიც შემოიჭრა და ზოგჯერ რთული ხდება გაარჩიო, მხატვრული ტექსტი ადამიანის მიერაა დაწერილი თუ პროგრამის შეთხზულია. ამ ფონზე, გელა ჩქვანავას აზრით, უმნიშვნელოვანესია საინტერესო და ნიჭიერი ავტორების წარმოჩენა და მათი წახალისება ასეთი სახის კონკურსებში, ხოლო შემდგომ ხელშეწყობა პოპულარიზაციაში.

შეხვედრის ბოლოს ჟიურის წევრებმა სამახსოვრო დიპლომები და ჯილდოები გადასცეს გამარჯვებულებს და შემოქმედებითი წარმატება უსურვეს.