ახალი თაობის ავტორთა საღამოების დასკვნითი ღონისძიება – NON STOP პოეზია.
პოეტური პერფორმანსი საღამოს 8 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მწერალთა სახლის კარი ღია იყო ყველა იმ სტუმრისთვის, ვისაც სურდა პოეზიის საღამოში მონაწილეობის მიღება.
NON STOP პოეზია წარმოადგენდა ახალგაზრდა ავტორთა ლიტერატურული საღამოების სერიის შემაჯამებელ ღონისძიებას, რითაც 8-თვიანი შეხვედრების სეზონი დასრულდა.
საღამო მწერალმა და „ახალი სახელების“ შეხვედრების მოდერატორმა ბაჩო კვირტიამ გახსნა. მან მიმოიხილა გასული სეზონი და აღნიშნა, რომ ლიტერატურული გაზეთის რუბრიკა „ახალი სახელები“ და მწერალთა სახლის შეხვედრების პლატფორმა მნიშვნელოვანი ტრამპლინია ნიჭიერი, დამწყები პოეტებისთვის და ეს შეხვედრები მათ შემოქმედებით ზრდასა და ლიტერატურულ პროდუქტიულობას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
ავტორებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლიტერატურული გაზეთის რედაქტორმა ირაკლი ჯავახაძემ და მწერალმა ტარიელ ხარხელაურმა.
ღონისძიების გამორჩეული ნაწილი იყო თავისუფალი კითხვის პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ახალი თაობის პოეტებმა, ისე მოწვეულმა სტუმრებმა.
დამსწრე საზოგადოებისთვის მომზადებული იყო რვათვიანი ციკლის ამსახველი ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავდა „ახალი სახელების“ საღამოების დინამიკასა და შემოქმედებით ატმოსფეროს.
ღონისძიება დაემთხვა პოეტ ტარიელ ჭანტურიას 93-ე საიუბილეო თარიღს, და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მისი ლექსები და ჩანაწერები.
საღამო შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა ავტორებს შორის გაცნობისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. მკითხველმა და მსმენელებმა კი გაიცნეს თანამედროვე პოეტები, დაათვალიერეს მწერალთა სახლის სივრცეები და ისიამოვნეს შექმნილი ატმოსფეროთი. აღსანიშნავია, რომ ღამის პოეტურ პერფორმანსში ჩართვის მსურველი ბევრი დამსწრე სტუმარი აღმოჩნდა.
მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე საკუთარი და სხვა ავტორების პოეტური ნაწარმოებები წაიკითხეს გიორგი ბალახაშვილმა, ირმა ბერიძემ, ვახტანგ ვახტანგაძემ, ბაჩო კვირტიამ, თამთა ხელაიამ, მაია მინდელმა, მაკა ლომაძემ, ნატალია ბეიტრიშვილმა, სალომეა ლომინაძემ, მარი კანკიამ, მირანდა ერისთავმა, აკაკი გაბრიჭიძემ, ქეთევან დუღაშვილმა, სოფიო გოგალაძემ და სხვა მონაწილეებმა.
საღამოზე ლიტერატურული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, გამომცემელმა ლია მეტრეველმა და ლიტერატურისმცოდნე თამარელა წოწორიამ.
ლიტერატურული შეხვედრების სერია „ახალი სახელები“ სექტემბრიდან, განახლებული ფორმატით, ახალი ავტორებითა და იდეებით დაბრუნდება!