თარიღი : 29.07.2025
დამსახურებულ მხატვარ ალექსანდრე სლოვინსკის 90 წელი შეუსრულდა!
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მწერალთა სახლისა და ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ორგანიზებით, მწერალთა სახლში გაიხსნა გამოფენა − „ანბანი თბილისურ ამბებზე“, სადაც წარმოდგენილია მხატვრის მიერ შექმნილი ქართული ანბანი. თითოეული ასო-ნიშნის მხატვრული კომპოზიცია კონკრეტულ თბილისურ ამბავს გადმოსცემს.
გამოფენა პირველად 2020 წელს მოეწყო მწერალთა სახლში, თუმცა პანდემიის გამო ფართო საზოგადოებამ მისი ნახვა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ალექსანდრე სლოვინსკის ანბანი კვლავ გახდეს ხელმისაწვდომი დამთვალიერებლისთვის.
გამოფენა „ანბანი თბილისურ ამბებზე“ მწერალთა სახლის ყავისფერ დარბაზშია განთავსებული და დამთვალიერებელი მის ნახვას მთელი აგვისტოს განმავლობაში 12:00-დან 18:00 საათამდე შეძლებს!
გვესტუმრეთ!
ალექსანდრე სლოვინსკი იყო მხატვართა ჯგუფ „სამეულის“ წევრი, რომელმაც სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებაში.
ის არის მრავალი კინოფილმის, მულტფილმისა და თეატრალური სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, კიევის და პრაღის თეატრებში (ჯგუფ „სამეულის“ შემადგენლობით) 1976-1991 წლებში.
იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი მხატვარი.
შექმნილი აქვს მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.