თარიღი : 21.08.2025
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ დაბრუნდა.
პროექტი, რომლის განახლებას ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება თითქმის ორი წლის განმავლობაში ელოდა, კვლავ ხვდება მკითხველს.
საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა „ცოცხალმა წიგნებმა“ 20 აგვისტოს ზემო აჭარიდან დაიწყო. ლიტერატურის მიმართ ამ კუთხის გამორჩეული დამოკიდებულების გამო “ახალ სახელებთან” შეხვედრის მოლოდინი განსაკუთრებით დიდი იყო.
„ცოცხალი წიგნების“ პირველი ტურის მონაწილეები არიან: ბადრი სულაძე,
ნინა სამხარაძე, გიორგი გულუა და მარი კანკია.
შეხვედრა შუახევის სახელოვნებო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება, ადგილობრივი მწერლები და მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჩვენი მოლოდინი გამართლდა − შუახეველებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს პოეტებს.
ავტორების შემოქმედებისადმი ინტერესი არა მხოლოდ მათი მოსმენით, არამედ მათთან დიალოგითაც გამოიხატა.
იყო შეკითხვები, მოსაზრებების გაზიარება, გამოითქვა ხშირი შეხვედრების სურვილი.
პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცეს მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, ლიტერატურული ჟურნალები და „ლიტერატურული გაზეთის” ნომრები.
ხულოში, შუახევსა და ქედაში გამართული შეხვედრების შემდეგ „ცოცხალი წიგნები“ 22 აგვისტოს ლიტერატურულ შეხვედრებს ბათუმში გამართავს.
აჭარის ტური ქობულეთში მკითხველთან შეხვედრით დასრულდება.
„ცოცხალი წიგნები“ აჭარაში პირველად 10 წლის წინ ჩავიდა და თითქმის ყოველ წელს სტუმრობდა რეგიონს. პროექტი აჭარასთან ერთად თანამედროვე ლიტერატურის ხმას მთელ საქართველოს მიაწვდენს.
„ცოცხალი წიგნების“ მოგზაურობა აჭარაში გრძელდება.