21 აგვისტოს, ქედაში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში გაიმართა მწერალთა სახლის
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მეორე შეხვედრა მკითხველთან.
ხალვაშების ხელოვნების სივრცე მამა-შვილის, პოეტ ფრიდონ ხალვაშისა და კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის მემორიალურ მემკვიდრეობას ინახავს. ეს ადგილი მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენს, სადაც ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ არა მარტო მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, არამედ თანამედროვე მწერლობასაც.
ამ სივრცემ განსაკუთრებული მნიშვნელობა და ხიბლი შესძინა დღევანდელ შეხვედრას. პოეზიის კითხვის გარდა, პოეტებსა და მსმენელს შორის შედგა უშუალო დიალოგი, აზრთა გაცვლა და თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ „ცოცხალი წიგნების“ პირველი ტურის მონაწილეები არიან: ბადრი სულაძე, ნინა სამხარაძე, გიორგი გულუა და მარი კანკია.
ისევე, როგორც შუახევში, „ცოცხალმა წიგნებმა“ ქედას ბიბლიოთეკასაც გადასცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.
„ცოცხალი წიგნების“ შემდეგი გაჩერება ხულოა.