21 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა მწერალთა სახლის
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ მესამე შეხვედრა მკითხველთან.
შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის მასპინძელია, „ცოცხალ წიგნებს“ ქართული პოეზიისა და ლიტერატურისადმი ინტერესით სავსე აუდიტორიით დახვდა.
შეხვედრაზე ლექსები წაიკითხეს როგორც პროექტის მონაწილე ავტორებმა, ასევე მასპინძელმა პოეტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. პოეზიის კითხვასთან ერთად გაიმართა უშუალო დიალოგი.
სტუმრებმა და მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა, როგორც ავტორთა და მკითხველთა დაახლოებისთვის, ისე კულტურული პროცესების გააქტიურებისა და სტიმულირებისთვის ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „სხალთა“, რომლის შესრულებამ პოეზიის ცოცხალ კითხვას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ პროექტის პირველი ტურის მონაწილეები არიან: ბადრი სულაძე, ნინა სამხარაძე, გიორგი გულუა და მარი კანკია.
„ცოცხალმა წიგნებმა“ შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.
„ცოცხალი წიგნების“ მომდევნო შეხვედრები 22 აგვისტოს ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება.