ზღვისპირა ქალაქ ქობულეთში წარმატებით დასრულდა მწერალთა სახლის პროექტ „ცოცხალი წიგნები 2025“-ის პირველი ტური!
ქობულეთის მუზეუმში, სადაც ქალაქის ისტორია და კულტურა ერთიანდება, მკითხველებისთვის პოეზიით სავსე, ემოციური საღამო შედგა.
„ცოცხალი წიგნების“ ავტორებთან შესახვედრად და მათი შემოქმედების გასაცნობად საღამოს ქობულეთისა და მისი მიმდებარე სოფლების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი წერს ან დეკლამატორია. დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, საკრებულოს კულტურის კომისიისა და ქობულეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები.
პროექტის ახალი, 2025 წლის სეზონის პირველი ტური ბადრი სულაძემ, ნინა სამხარაძემ, გიორგი გულუამ და მარიამ კანკიამ ქობულეთში დაასრულეს − დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე მოგონებებით.
„ცოცხალი წიგნები“ კი გზას განაგრძობს − სულ მალე პროექტი წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვევა, სადაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის მთავარ მისიას: წიგნისა და მკითხველის დაახლოებას, ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, ახალი შემოქმედებითი ურთიერთობების შექმნას და თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციას.