თარიღი : 27.08.2025
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ლიტერატურული პრემიის „მუზა 2025“ მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზნებია:
ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;
საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;
ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ საკონკურსო ნომინაციებში:
• წლის საუკეთესო რომანი;
• წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
• წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
• წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეი;
• წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
• წლის საუკეთესო თარგმანი;
• წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
• წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
• წიგნის საუკეთესო დიზაინი;
• წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
• ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.
კონკურსანტს შეუძლია საკონკურსო განცხადება კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში მხოლოდ ერთი საკონკურსო განცხადებით წარმოადგინოს.
კონკურსის ერთ ნომინაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი საკონკურსო განცხადების წარმოდგენა.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მწერალთა სახლის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომელიც დარგის ხუთი აღიარებული სპეციალისტითაა დაკომპლექტებული.
კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემია.
ერთი და იგივე პირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მას პრემია გადაეცემა თითოეული ნომინაციისათვის. გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და სიგელები.
საკონკურსო განცხადებები მიიღება ქართულ ენაზე, ნაბეჭდი სახით, მწერალთა სახლში, მისამართზე: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. №13 ან ელექტრონულად, მისამართზე: info@writershouse.ge
გასულ წელს კონკურსში „მუზა“ 130-ზე მეტი მწერალი და მთარგმნელი მონაწილეობდა.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემიები, ასევე მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და სიგელები.
2024 წელს ლიტერატურული პრემია „მუზა“ გადაეცათ:
1. მაკა ჯოხაძე − „ისკარიოტის ეკლები“ (წლის საუკეთესო რომანი);
2. ნინო გუგეშაშვილი − „ჩაი ნანგრევებზე“ (წლის საუკეთესო პროზაული კრებული);
3. ბადრი სულაძე − „ძახველის სისხლი“ (წლის საუკეთესო პოეტური კრებული);
4. გიორგი ყარყარაშვილი − „სამშობლოს ამარა“ (წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა);
5. წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა) – სალომე ტაბატაძე-სეხნიაშვილი, „ქარვა“;
6. ნენე გიორგაძე, კარლო კაჭარავას საიუბილეო ორენოვანი პოეტური კრებული და
ნინი ქუთელია, ლუციუს ანეუს სენეკა „ფედრა“ − (წლის საუკეთესო თარგმანი);
7. მაია ჯალიაშვილი − წერილები თანამედროვე ქართულ რომანზე (წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია);
8. სალომე კაპანაძე − „მე არსად წავსულვარ“ (წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება);
9. კონსტანტინე გამსახურდია − „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ (წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი);
10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრემია „მუზა“ გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს, ნუნუ გელაძეს.
2021 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფუძნა სახელმწიფო პრემია − „წლის საუკეთესო“, რასაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი მოჰყვა. სწორედ ამიტომ, 2022 წელს ზემოხსენებული კონკურსი გახდა უფრო მასშტაბური, გაიზარდა მისი ბიუჯეტი და ნომინაციების რაოდენობა. შედეგად, დაარსდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური სახელმწიფო პრემია − „მუზა“, რომლის სიმბოლო მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება გახდა.
საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/Hnuhj
თითოეული ნომინაციისთვის განკუთვნილია 5000 ლარი.
განაცხადების მიღება დაიწყება 1 სექტემბერს და გაგრძელდება
19 სექტემბრის ჩათვლით, 00:00 საათამდე.
პროექტის კოორდინატორი: მანონ ბულისკერია
Manon@writershouse.ge
შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს: ანუკა ვარნაზიშვილი Anuka.varnazishvili18@gmail.com
551 277 997