„ცოცხალი წიგნების“ ზემო სვანეთის ტური

თარიღი : 06.09.2025

HIKERS INN − არა მარტო მწვერვალ უშბისკენ ამავალი გზის დასაწყისი და ტურისტებისთვის ყველა სეზონზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, არამედ მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემისა და მთელი სვანეთის კულტურის ცენტრია.
HIKERS INN − აქ ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, საღამოები.
მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით მწერალთა სახლის პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ზემო სვანეთის ტურის ფინალური შეხვედრა HIKERS INN-ის დარბაზში გაიმართა და ეს დღე განსაკუთრებული გამოვიდა!
ბეჩო წვიმით დაგვხვდა, თუმცა დარბაზი სავსე იყო. თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების, თანამედროვე ავტორების − გიორგი ლობჟანიძის, ელა გოჩიაშვილის, ცირა ბარბაქაძის, ვახტანგ ვახტანგაძის და ედუარდ უგულავას შემოქმედების მოსასმენად ბევრი ადამიანი მოვიდა.
სვანები გულწრფელი ხალხია. მათი ინტერესიც ნამდვილად გულწრფელი იყო პოეზიის მიმართ.
სიხარულით აღსანიშნავია ახალგაზრდების სიმრავლე − ადგილობრივი ახალგაზრდა ავტორები და პოეზიის მოყვარულები უსმენდნენ, კითხულობდნენ და ერთვებოდნენ სტუმრებთან დიალოგში. ეს პროექტისთვის დიდი შემოქმედებითი სტიმულია.
წიგნი, ლიტერატურა ხომ ცოცხლდება და მეტი ემოციურობით მოქმედებს მწერლისა და მკითხველის ურთიერთობისას.
ღონისძიების ორგანიზატორი მესტიის კულტურის სამსახურია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამ სამსახურის წარმომადგენლები (ბექა არღვლიანი და სხვ.), პედაგოგები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მოსწავლეები, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელოვანები.
ჩვენს მასპინძლებს გადავეცით მწერალთა სახლის საჩუქარი − სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც დღეიდან აქაურ საბიბლიოთეკო ფონდს შეავსებს.
„ცოცხალი წიგნები“ მომავალ სეზონებზე აუცილებლად დაბრუნდება სვანეთში კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრების მოლოდინით.
„ცოცხალი წიგნების“ შემდეგი გაჩერება ზემო იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთია.
ადევნეთ თვალი მწერალთა სახლის პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ლიტერატურულ მოგზაურობას საქართველოს გზებზე.