„ცოცხალი წიგნები“ − ლაშხუდში

თარიღი : 06.09.2025

ლახუშდი − სოფელია სვანეთში, რომელიც გამორჩეულია ქართული ხალხური, კერძოდ სვანური ტრადიციული ფოლკლორის დიდი სიყვარულითა და ერთგულებით.
დღეს, 6 სექტემბერს მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ზემო სვანეთის სწორედ ამ ულამაზეს სოფელს ესტუმრა.
შეხვედრა ჩამგელიანების ისტორიული კოშკის სივრცეში ჩატარდა. დები ჩამგელიანები მთელ სვანეთში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ავრცელებენ და პოპულარიზაციას უწევენ უნიკალურ სვანურ სასიმღერო ფოლკლორს − სასიმღერო პოეზიას (ბალადები).
ლახუშდელებსა და მის სტუმრებს თანამედროვე ქართული პოეზია წარუდგინეს ელა გოჩიაშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, ცირა ბარბაქაძემ, ედუარდ უგულავამ და ვახტანგ ვახტანგაძემ.
მასპინძლებმა გვითხრეს, რომ ამ სოფელში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ლექსი, პოეზია არ უყვარს − მთელმა შეხვედრამაც ამ განწყობით დამუხტულმა ჩაიარა.
წაგვიკითხეს საკუთარი ლექსებიც. დებმა ჩამგელიანებმა სვანური საკრავის, ჭუნირის თანხლებით ძველი სვანური სიმღერებიც შეასრულეს.
ეს შეხვედრა მუსტიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
როგორც ყველგან, აქაც დავტოვეთ საჩუქრად სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.
„ცოცხალი წიგნების“ ზემო სვანეთის ტურს ხვალ, 7 სექტემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი ისტორიული სოფელი − ბეჩო დაასრულებს.