პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მესტიაშიი

თარიღი : 05.09.2025

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრში, გაიმართა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
პროექტის მესამე ტურის მონაწილეები არიან:
• ელა გოჩიაშვილი
• გიორგი ლობჟანიძე
• ვახტანგ ვახტანგაძე
• ცირა ბარბაქაძე
• ედუარდ უგულავა
„ცოცხალ წიგნებს“ მესტიაში უმასპინძლა ადგილობრივმა ლიტერატურის მოყვარულმა საზოგადოებამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრის წარმომადგენლები და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (ხელმძღვანელი: გეგი ფალიანი), რომელმაც „ცოცხალი წიგნების“ მონაწილეებს გულითადად უმასპინძლა.
პროექტის მონაწილე ავტორებმა პოეტური ნაწარმოებები წაიკითხეს მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრის გარე სივრცეში. სვანეთის ულამაზესი ბუნების ფონზე პოეზიის მოსმენა განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო. ლექსების წაკითხვის შემდეგ გაიმართა დიალოგი ავტორებსა და აუდიტორიას შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოხატეს პროექტის მიმართ და აღნიშნეს იმ ცოცხალი ურთიერთობის საჭიროება ავტორებსა და მკითხველს შორის, რაც „ცოცხალი წიგნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეაა.
პროექტმა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, ასევე ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.
„ცოცხალი წიგნების“ შემდეგი გაჩერება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლები − ლაშხუდი და ბეჩოა!