მწერალთა სახლში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“

თარიღი : 09.09.2025

15-16 სექტემბერს დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“.

მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია, რომელიც დღემდე აქტუალურია თანამედროვე ევროპულ და მსოფლიო აზროვნებაში, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალგაზრდა მკვლევართა შორის.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 23 მეცნიერ-მკვლევარი, მათ შორის ხუთი უცხოელი მომხსენებელი იტალიიდან და რუსეთიდან.

კონფერენციის მიზანია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის კვლევა და პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

მწერალთა სახლი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობას; ისინი მოხსენებებს წარადგენენ გამოცდილ და ღვაწლმოსილ მეცნიერთა გვერდით.

2026 წლის დასაწყისში გამოიცემა კონფერენციის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო ნამუშევართა საიუბილეო კრებული, ომელი ხელს შეუწყობს მამარდაშვილის ფილოსოფიის კიდევ უფრო ფართო პოპულარიზაციას.