თარიღი : 10.09.2025
9 სექტემბერს მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა თანამედროვე გერმანელ მწერალ და ლიტერატურათმცოდნე ფრიდერიკე ჰაიმანთან.
ღონისძიება გახსნა მთარგმნელმა ლია ვიტეკმა, რომელმაც ისაუბრა გერტრუდ კოლმარის პოეზიის საღამოს ჩატარების იდეაზე და მადლობა გადაუხადა მწერალთა სახლს მხარდაჭერისთვის.
ფრიდერიკე ჰაიმანმა წაიკითხა პოეტ გერტრუდ კოლმარის ლექსები და ისაუბრა მისი რთული ბიოგრაფიისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ.
ფრიდერიკე ჰაიმანი თანამედროვე გერმანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნეა, რომელმაც 2012 წელს ბაზელის ებრაული კვლევების ცენტრში, პროფესორ ალფრედ ბოდენჰაიმერის ხელმძღვანელობით, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოეტ გერტრუდ კოლმარის შესახებ. 2023 წელს მან გამოაქვეყნა ლიტერატურული პორტრეტი „ეპოქის ქარცეცხლში − გერტრუდ კოლმარის შესახებ“.
ღონისძიებაზე ლექსების ქართული თარგმანი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მთარგმნელმა რუსუდან ბრეგაძემ, რომელმაც კოლმარის პოეზიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
გერტრუდ კოლმარი (1894-1943) − ებრაული წარმოშობის გერმანელი პოეტი, რომლის ხმა, მიუხედავად ნაადრევად ჩახშობისა, დღესაც მძლავრად ისმის და მკითხველს განსაკუთრებულად აწვდის XX საუკუნის დრამატულ გამოცდილებას.
ლექსების წაკითხვის შემდეგ აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში − გამოეხმაურა წაკითხულ ლექსებს და დასვა შეკითხვები გერტრუდ კოლმარის ქართული კრებულის გამოცემის შესახებ.