თარიღი : 16.09.2025
გუშინდელი გახსნის საღამოს შემდეგ, ბუქარესტის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული დელეგაციის 16 სექტემბრის პროგრამას წარმოგიდგენთ:
ღონისძიება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და მწერალთა სახლის პრეზენტაციებით დაიწყება. შესავალი სიტყვით მიმართვის გარდა, მწერალთა სახლი დამსწრე აუდიტორიას საერთაშორისო პროგრამებს წარუდგენს.
ქართული პროგრამა პოეტების საღამოთი გაგრძელდება. მსმენელებს საკუთარ ლექსებს მირანდა ერისთავი და გიორგი ბალახაშვილი ქართულ ენაზე წაუკითხავენ. შეთავაზებული იქნება ინგლისური და რუმინული თარგმანები.პროგრამას მნიშვნელოვანი ღონისძიება გააგრძელებს:
მწერალთა სახლის ინიციატივითა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ხელი მოეწერება თანამშრომლობის ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ლიტერატურული გაცვლა-პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ლიტერატურულ თანამშრომლობას მოიაზრებს.
მემორანდუმს საქართველოს მწერალთა სახლის, ქართული ლიტერატურის მუზეუმის, რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმისა და რუმინეთის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები მოაწერენ ხელს. მემორანდუმის ხელმოწერილი, სრული ტექსტის გაცნობას ჩვენს ვებგვერდზე მოგვიანებით შეძლებთ.
ფესტივალის ქართული პროგრამის პირველი დღე ქართული ღვინის დეგუსტაციით დასრულდება, რომელსაც რუმინეთში საქართველოს საელჩო უმასპინძლებს.
ღონისძიებები ბუქარესტის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის ბაღში, ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით 18:00) საათზე გაიმართება.
ღონისძიებების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას უშუალოდ მათი მსვლელობის პროცესში შემოგთავაზებთ.