თარიღი : 16.09.2025
მწერალთა სახლში დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“, რომელიც გამორჩეული ქართველი ფილოსოფოსის დაბადებიდან 95-ე წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის მიზანი იყო მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის ახალი კვლევითი პერსპექტივით გააზრება და მისი იდეების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.
ღონისძიება 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-მკვლევრებმა. დღევანდელ სესიაზე თავიანთი ნაშრომები წარადგინეს:
• ელიზა პონტინი – ფილოსოფიის დოქტორი
• კსენია გოლუბოვიჩი – ფილოსოფიის დოქტორი
• მიგლენა ნიკოლჩინა – სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი
• ჟასმინ სირაძე – ლიტერატურათმცოდნე
• ლალი ზაქარაძე – ფილოსოფიის დოქტორი
• გიორგი ბაღათურია – ფილოსოფიის დოქტორი
• სალომე უგულავა – სამართლის მაგისტრი
• ზურაბ რუხაძე – ფილოსოფიის მკვლევარი
• ლუკა ბარამიძე – ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი
მონაწილეებმა მამარდაშვილის ფილოსოფიის მრავალმხრივი ასპექტი გააანალიზეს: მისი ლიტერატურული ხედვა და ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, თავისუფლებისა და პირადი პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობა, აგრეთვე თანამედროვე საზოგადოებრივ და კულტურულ კონტექსტში მისი იდეების მნიშვნელობა.
მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მერაბ მამარდაშვილის იდეები თანამედროვე საქართველოსა და გლობალური სამყაროს გამოწვევებს პირდაპირ პასუხობს. მისი აზროვნების ცენტრში დგას პირადი პასუხისმგებლობა, კრიტიკული რეფლექსია და სულიერი სიფხიზლე.
მამარდაშვილის ტექსტები აერთიანებს დასავლურ და ქართულ ინტელექტუალურ ტრადიციებს, რაც ახალ თაობას აძლევს უნიკალურ შთაგონებას, შეუთავსონ გლობალური ხედვა საკუთარ ეროვნულ კულტურას და პირად სულიერ ძიებას.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები 2026 წლის დასაწყისში ერთიან სამეცნიერო კრებულად გამოიცემა, რაც ხელს შეუწყობს მერაბ მამარდაშვილის იდეების კიდევ უფრო ფართო გავრცელებასა და მომავალ თაობაზე მათი გავლენის გაღრმავებას.