თარიღი : 19.09.2025
დღეს, 19 სექტემბერს, მირზა გელოვანის, ბესიკ ხარანაულის, ტარიელ ხარხელაურის და კიდევ ბევრი საინტერესო შემოქმედის მშობლიურ, ულამაზეს თიანეთში გაიმართა მწერალთა სახლის პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
თიანეთის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა თანამედროვე ავტორებს − შოთა ვეკუას, თიკო კოლოტაშვილს, ზაზა მაღულარიას და ნინი კაკაჩიას.
(მათი პუბლიკაციები იბეჭდება „ლიტერატურულ გაზეთში“. გარდა ამისა, ეს ავტორები მონაწილეობდნენ მწერალთა სახლის ლიტერატურულ პარასკევობებში, სახელწოდებით „ახალი სახელები“).
საქართველოს ამ კუთხეში უდავოდ იციან კარგი პოეზიის ფასი და როცა მონაწილეები საკუთარ შემოქმედებას კითხულობდნენ, იგრძნობოდა აუდიტორიის აშკარა ყურადღება, ინტერესი.
შეხვედრა თიანეთის მერიის კულტურის სამსახურთან კოორდინაციით დაიგეგმა, რომელსაც დაესწრნენ მერის მოვალეობის შემსრულებელი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ბიბლიოთეკების, სკოლებისა და აქ არსებული მირზა გელოვანის სახელობის მუზეუმის თანამშრომლები, ახალგაზრდები, მკითხველი საზოგადოება.
„ცოცხალი წიგნების“ ავტორებთან ერთად, ლექსები წაიკითხეს გიორგი არჩემაშვილმა, მარიამ გოჯიაშვილმა და სხვებმა.
აქაურმა ავტორებმა გამოთქვეს ლიტერატურულ პროცესებში აქტიური მონაწილეობის სურვილი და ინტერესი.
დღეიდან თიანეთის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდი შეივსება მწერალთა სახლისგან მათთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებითა და ჟურნალებით. აქაურებს, ასევე, დავურიგეთ „ლიტერატურული გაზეთის“ სხვადასხვა ნომერი.
შეგახსენებთ, რომ „ცოცხალი წიგნების“ მიზანია მიმდინარე ლიტერატურული პროცესების, ახალი სახელების გაცნობა და საქართველოს ყველა მხარისა და კუთხისთვის ლიტერატურის ახალი ხმის მიწვდენა. თიანეთის მუნიციპალიტეტში წიგნისა და მკითხველის შეხვედრა, დიალოგი დღეს სწორედ ამის დასტურია.
„ცოცხალი წიგნების“ მეორე ლიტერატურული „სადგური“ დღეს დუშეთის საჯარო ბიბლიოთეკაა.