„ცოცხალი წიგნების“ მორიგი შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში

თარიღი : 19.09.2025

დღეს, 19 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში გაიმართა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
„ცოცხალ წიგნებს“ დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ადგილობრივმა პოეტებმა და მცხოვრებლებმა უმასპინძლეს.
პროექტის მიმდინარე ტურის მონაწილეები არიან: შოთა ვეკუა, თიკო კოლოტაშვილი, ზაზა მაღულარია და ნინი კაკაჩია.
დუშეთში მკითხველებთან „ცოცხალი წიგნების“ შეხვედრას დაესწრნენ საბიბლიოთეკო გაერთიანების ფილიალები − დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბიბლიოთეკების წარმომადგენლები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობა.
სტუმრებმა მოისმინეს პროექტში მონაწილე ავტორთა ლექსები და ადგილობრივი პოეტების შემოქმედება. საღამოს დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და წაეკითხათ პოეტური ნაწარმოებები. პოეზიის კითხვა გადაიზარდა უშუალო დიალოგში, სადაც ავტორებმა და აუდიტორიამ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულ „ცოცხალმა წიგნებმა“ დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანებას საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.
პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია გაააქტიუროს რეგიონული კულტურული ცხოვრება და გააღვივოს ინტერესი ლიტერატურის მიმართ.
„ცოცხალ წიგნებს“ ახორციელებს მწერალთა სახლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.