თარიღი : 20.09.2025
დღეს მწერალთა სახლში ნინო ქადაგიძის სახელოსნოს ლიტერატურული შეხვედრები გაიხსნა.
პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო – ნინომ ბავშვებს კურსის შესახებ უამბო, განუმარტა, როგორი გაკვეთილები ელოდებათ მწერალთა სახლის ლიტერატურულ სახელოსნოში.
შეხვედრები ყოველ შაბათს, 12:00 და 14:00 საათზე გაიმართება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.
პროექტის მიზანია, მოზარდი თაობა ქართულ ლიტერატურას დაუახლოვდეს და უკეთ გაიცნოს მისი მრავალფეროვანი სამყარო.
რას გპირდებათ ლიტერატურული სახელოსნო?
თუ გიყვარს მხატვრული ლიტერატურა, ეს კურსი ნამდვილად შენთვისაა.
გაკვეთილები არა მხოლოდ ცოდნის გასაღრმავებლად, არამედ განსატვირთად და ახალი აღმოჩენებისთვისაა შექმნილი.
ნინო ქადაგიძის სახელოსნოში:
• გაეცნობი ქართულ და უცხოურ კლასიკურ ლიტერატურას;
• აღმოაჩენ ლიტერატურული გმირების ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებსა და ხასიათებს;
• გაიგებ, როგორ იწერებოდა და იქმნებოდა თქვენი საყვარელი ნაწარმოებები;
• შეხვდები თანამედროვე ქართველ ავტორებს და წაიკითხავ მათ წიგნებს.
შემოქმედებითი ნაწილი კიდევ უფრო სახალისოა: პერსონაჟებს გააცოცხლებ, დახატავ, გააფერადებ, შექმნი საკუთარ ვერსიებს წიგნების მიხედვით, გამოძერწავ დიორამებს, მოაწყობ თოჯინების თეატრს, გამოჭრი და დააწებებ.
მოკლედ, ყოველ შაბათს, 12:00 საათიდან – იკითხე, ითამაშე და იმოგზაურე ლიტერატურის სამყაროში − მწერალთა სახლში!