თარიღი : 02.10.2025
დღეს მწერალთა სახლში დაიწყო მსოფლიო ლიტერატურის კურსის შეხვედრები, რომელსაც ფილოლოგი და ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი უძღვება.
კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, სტუდენტებისა და ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. იგი მოიცავს ლექციათა ციკლს, რომელიც მსოფლიო მწერლების კლასიკურ ნამუშევრებსა და მათ ეპოქებს ეხება.
შეხვედრების ფორმატი გულისხმობს საკითხავი მასალის მიწოდებას მსმენელებისთვის, რის შემდეგაც პედაგოგი ჯგუფთან ერთად განიხილავს ნაწარმოებს. შეხვედრები ინტერაქტიულია, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს ჩაერთონ დისკუსიაში და უფრო ღრმად გააანალიზონ ტექსტის შინაარსი.
სალექციო კურსის მიზანია ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს ფართო ხედვა მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისა და იმ ისტორიულ-კულტურული კონტექსტის შესახებ, რომელ ეპოქებშიც ეს წიგნები შეიქმნა.
პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ლევან გიგინეიშვილმა ისაუბრა ლიტერატურის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში და აღნიშნა, თუ როგორ შეუძლია მას გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ყოველდღიურობაზე, არამედ წარმოსახვისა და ადამიანური გამოცდილების გამდიდრებაზე.
მსოფლიო ლიტერატურის კურსზე შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში.