დაიწყო ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“

თარიღი : 20.10.2025

მწერალთა სახლში დაიწყო ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.
„პარასკევის საღამოები“ „ლიტერატურული გაზეთისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის – „ახალი სახელები“ განახლებული ფორმატია.
პროექტის მიზანია ავტორების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.
მკითხველისთვის „პარასკევის საღამოები“ წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს ახალი სახეების გასაცნობად, უკვე ცნობილი ავტორების მოსასმენად და თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებზე სამსჯელოდ.
დღევანდელ საღამოს საზოგადოების წინაშე წარდგნენ პოეტები − ცირა ოქროპირიძე და ლევან გველესიანი. საღამოს მოდერაციას უწევდა მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც აუდიტორიას გააცნო ორივე ავტორის შემოქმედება.
საღამოზე მოწვეულმა პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, რის შემდეგაც შეხვედრა აუდიტორიასა და ავტორებს შორის დიალოგით გაგრძელდა.
ცირა ოქროპირიძემ და ლევან გველესიანმა ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე და წერის პროცესზე, უპასუხეს მკითხველთა შეკითხვებს.
„პარასკევის საღამოები“ ყოველკვირეულ ფორმატში გაგრძელდება და არაერთ თანამედროვე ავტორს გააცნობს საზოგადოებას.
24 ოქტომბრის „პარასკევის საღამოების“ ავტორთა ვინაობას მწერალთა სახლი უახლოეს დღეებში გაცნობებთ.