მწერალთა სახლის მუზეუმს საჩუქრად გადმოეცა პაოლო იაშვილის ხელნაწერი ლექსი

თარიღი : 05.11.2025

მაჩაბლის 13-ში საქართველოს ეროვნული გმირის როსტომ მუსხელიშვილის შთამომავალი (შვილიშვილი) – გოგი მუსხელიშვილი გვესტუმრა, რომელმაც მწერალთა სახლის მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა პაოლო იაშვილის ხელნაწერი ლექსი.
როგორც ბატონმა გოგიმ ბრძანა, პოეტმა ლექსი უძღვნა მის ბებიას – ქალბატონ ელისაბედ ახვლედიანს.
გოგი მუსხელიშვილმა ისაუბრა თავისი წინაპრების როლზე საქართველოს ისტორიაში. კერძოდ როსტომ მუსხელიშვილის მოღვაწეობაზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში – იყო დივიზიის შტაბის უფროსი, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ასევე, როსტომ მუსხელიშვილს ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების ცნობილი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ მის სრულ განადგურებას.
როსტომ მუსხელიშვილი 1923 წლის 20 მაისს საგანგებო კომისიამ დააპატიმრა და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა, ყველანაირი გამოძიება-გასამართლების გარეშე. მასთან ერთად დახვრიტეს: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, გოგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ მუხრან-ბატონი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.
1923 წლის 22 მაისს ქაშუეთის ტაძარში პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ პანაშვიდი გადაიხადა 20 მაისს დახვრეტილი სულების მოსახსენებლად და ისინი ეროვნულ გმირებად გამოაცხადა.