მწერალთა სახლში მიმდინარეობს ვორქშოპი პოლონელი ავტორების მონაწილეობით

თარიღი : 01.10.2025

მწერალთა სახლში მიმდინარეობს ვორქშოპი პოლონელი ავტორების მონაწილეობით.
ვორქშოპში მონაწილეობენ ბარტოშ რადომსკი, იან კერდენი, მაუგოჟატა შიშკო-კონდეი და ჰანა ევა დიდუშკო − პოეტები და საბავშვო მწერლები.
დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებმა საკუთარი შემოქმედება და ახალი პროექტები წარმოადგინეს. მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ, ორ ქვეყანას შორის ლიტერატურული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოხატა. გარდა ამისა, პოლონელი მხარის ინიციატივით დაისვა საკითხი ქართველი მწერლების მონაწილეობაზე ვარშავისა და გდანსკის ლიტერატურულ ფესტივალებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს მწერალთა სახლის ისტორიული სივრცეები − დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმები.
დღის განმავლობაში პოლონელი ავტორები ჩაერთვებიან მთარგმნელობით და შემოქმედებით სამუშაოებში, რომლებიც ხვალაც გაგრძელდება.
პროგრამის მიზანია ქართველი და პოლონელი მწერლების შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება და ორ კულტურას შორის ლიტერატურული დიალოგის გაღრმავება.
მთარგმნელობითი შეხვედრების დასრულების შემდეგ, 2 ნოემბერს, მწერალთა სახლი უმასპინძლებს ქართველი და პოლონელი ავტორების ერთობლივ შემოქმედებით საღამოს, სადაც მონაწილეები საკუთარ პოეტურ ნაწარმოებებს წარადგენენ.
პროექტის ფარგლებში გამოიცემა ორენოვანი კრებული, რომელიც ქართველ და პოლონელ ავტორთა ლექსებს გააერთიანებს.