14–15–16 ნოემბერს კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელში შილდაში მწერალთა სახლისა და საერთაშორისო კულტურის სივრცის ორგანიზებით, სამდღიანი ლიტერატურული მარათონი
„არა-კი“ გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ, და მენტორებმა — მწერლებმა კოტე ჯანდიერმა და ირაკლი სამსონაძემ მონაწილეებისთვის სპეციალური დავალება განსაზღვრეს: სამი განსხვავებული თემა, სამი ერთგვარი „ფორმულა“, რომლის ფარგლებში ავტორებს ექსპერიმენტისა და შემოქმედებითი თავისუფლების შესაძლებლობა ჰქონდათ. მონაწილეებმა ერთ-ერთი აირჩიეს და ორი დღის განმავლობაში თავიანთ ნოველებზე ინტენსიურად იმუშავეს.
1. „არაკებს გეტყვი ბევრსაო…“
2. „როდესაც ასე ახლოა გრემი…“
3. „მტრედის საკენკი“
დასრულებული ტექსტები ავტორებმა ჟიურის გადასცეს. ნამუშევრების განხილვის შემდეგ შედეგები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდზე, სადაც მონაწილეთა ნოველებიც განთავსდება.
„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის — პოეტებისა და პროზაიკოსების — მიერ ისტორიულ-სიუჟეტურ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა.
პროექტი ერთგვარი შემოქმედებითი გამოწვევაა, სადაც როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ ავტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისტორია ახალი ფორმით მოჰყვნენ და საკუთარი ხელწერა კიდევ უფრო გამოკვეთონ