მამუკა სალუქვაძე – 70

თარიღი : 25.11.2025

1 დეკემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის − მამუკა სალუქვაძის 70 წლის საიუბილეო საღამო. ღონისძიებაზე ქართული საზოგადოება, ლიტერატურული წრეები და მოწვეული სტუმრები მწერლის ცხოვრების, შემოქმედებისა და მრავალმხრივი მემკვიდრეობის გაცოცხლებასა და შეფასებას ეზიარებიან.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება მამუკა სალუქვაძის არქივის მრავალფეროვანი ექსპოზიცია: წიგნები, პუბლიკაციები, ხელნაწერები, ფოტომასალა, ჩანახატები, პიესების აფიშები, მის მიერ გამოცემული გაზეთებისა და სხვადასხვა პროექტის ნიმუშები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება რეჟისორ ქეთევან - ხათუნა ბედელაძის მიერ დადგმული პიესა, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა მსახიობები: ფიქრია ნიქაბაძე, გიორგი გოგუაძე (გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი), ანა ლევენეცი, გიორგი გელაშვილი და კოკო შაბურიშვილი. ასევე ნაჩვენები იქნება მამუკა სალუქვაძის მიერ გადაღებული ფილმი „უკანასკნელი ფოთოლი“ (ო. ჰენრი).
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მწერლის მემორიალურ ფოტო-ვიდეოარქივს და ხმოვან ჩანაწერებს, ხოლო საღამოს მუსიკალურად ინოლა გურგულიას სიმღერები დაამშვენებს.
ეს საღამო კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მამუკა სალუქვაძის შემოქმედებით მნიშვნელობასა და მის ადგილს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.