მამუკა სალუქვაძე - 70

თარიღი : 02.12.2025

1 დეკემბერს, მწერალთა სახლში შესანიშნავი მწერლის, მსახიობის, რეჟისორის, მთარგმნელის, რედაქტორის − მამუკა სალუქვაძის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო და ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მამუკა სალუქვაძის (1955-1997) არქივის მრავალფეროვანი ექსპოზიცია: წიგნები, პუბლიკაციები, ხელნაწერები, ფოტომასალა, ჩანახატები, პიესების აფიშები, მის მიერ გამოცემული გაზეთებისა და სხვადასხვა პროექტის ნიმუშები.
ავტორის შემოქმედებაზე ისაუბრეს მწერლებმა − გიორგი ლობჟანიძემ, მაკა ჯოხაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. მათ გაიხსენეს მამუკა სალუქვაძის გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე და ისაუბრეს მისი პიროვნებისა და შემოქმედების მრავალმხრივ მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ ქეთევან-ხათუნა ბედელაძის მიერ დადგმული პიესის ჩვენება, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობები: ფიქრია ნიქაბაძე, გიორგი გოგუაძე (გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი), ანა ლევენეცი, გიორგი გელაშვილი და კოკო შაბურიშვილი.
საღამოს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მამუკა სალუქვაძის მიერ გადაღებული ფილმის „უკანასკნელი ფოთოლი“ ჩვენება.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მწერლის მემორიალურ ფოტო-ვიდეოარქივს და ხმოვან ჩანაწერებს, ხოლო საღამოს მუსიკალურად ინოლა გურგულიას სიმღერები ამშვენებდა.