11 დეკემბერს მწერალთა სახლში წიგნის/სახელმძღვანელოს „ქართული ტიპოგრაფი(კ)ა: ესკიზიდან ფონტამდე“ წარდგენა გაიმართა.
წიგნის გამოცემა ეძღვნება ასოციაცია „ქართული შრიფტის“ დაფუძნებიდან 10 წლის იუბილეს. წიგნი „ქართული ტიპოგრაფი(კ)ა: ესკიზიდან ფონტამდე“ განკუთვნილია ქართული ანბანისა და შრიფტის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო, და ასევე შეიცავს ინფორმაციას ქართული სტამბებისა და დამწერლობის შესახებ.
შეხვედრა გახსნა მწერალმა ბაჩო კვირტიამ.
საღამოზე წიგნის შესახებ ისაუბრეს ავტორებმა − მხატვარ-გრაფიკოსმა ნინო ჯიშკარიანმა და მხატვარ-გრაფიკოსმა, შრიფტის დიზაინერმა მერაბ გეწაძემ.
წიგნის რედაქტორი არის ივანე ამირხანაშვილი, რომელმაც ზედმიწევნით შეაფასა წარდგენილი წიგნი და ხაზი გაუსვა მის უდიდეს მნიშვნელობას იმ ადამიანებისთვის − პროფესიონალებისთვის თუ დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებიც ანბანისა და შრიფტის დიზაინის მიმართულებით მუშაობენ.
წარდგენაზე ისაუბრეს მარიამ გაჩეჩილაძემ − ხელოვნებათმცოდნემ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა; მუსიკოსმა, ფოლკლორისტმა მარინა კვიჟინაძემ, მწერალმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ, ჟურნალისტმა მარიკა დარჩიამ, ფონტინჟინერმა, დიზაინერმა ალექსანდრე ჩარკვიანმა, კალიგრაფმა, შრიფტის დიზაინერმა მარიამ ჩაჩანიძემ და სამხატვრო აკადემიის ასისტენტ-პროფესორმა, შრიფტის დიზაინერმა ანა სანიკიძემ.
საღამოზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ქართული შრიფტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და სამწერლო ტრადიციებზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ ცოდნის გადასაცემად და ახალი თაობისთვის მისაღები, თანამედროვე ფორმით მისაწოდებლად მნიშვნელოვანია როგორც მსგავსი კვლევითი გამოცემების არსებობა, ისე ქართული შრიფტის კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.