ცისფერყანწელთა ლიტერატურული კონკურსის „მეოცნებე ნიამორები“ დაჯილდოების ცერემონია

თარიღი : 28.02.2026

დღეს, მწერალთა სახლში გაიმართა ცისფერყანწელთა ლიტერატურული კონკურსის „მეოცნებე ნიამორები“ დაჯილდოების ცერემონია.
პრემია მწერალთა სახლმა და ფონდმა „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ 1 დეკემბერს გამოაცხადეს.
ნამუშევრების მიღების შემდეგ, კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ, რომელიც სამი წევრისგან შედგებოდა.
2026 წლის 28 თებერვალი საიუბილეო თარიღია ცისფერყანწელთა ორდენისთვის − მისი შექმნიდან 110 წელი სრულდება. სწორედ ამ თარიღს უკავშირდება ცისფერყანწელთა სახელობის პრემიის დაარსება და გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება.
აღსანიშნავია, რომ „მეოცნებე ნიამორები“ პირველი ლიტერატურული კონკურსია, რომლის ჟიურის ერთ-ერთი წევრი პროფესიონალი რეჟისორი იყო.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ფონდის „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ დამაარსებელი, ლიტერატორი ნინო ჩხიკვიშვილი; ჟურნალისტი, კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე; რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნომინაცია „მინიატიურული პროზა“ − ნანა ქარდავა; ნომინაცია: „პოეზია (სონეტი)“ − ჯემალ ინჯია. რაც შეეხება მესამე ნომინაციას − „ქაიანური“ (ლიტერატურული სანახაობა), ჟიურის გადაწყვეტილებით ამ კატეგორიაში პრემია არ გაიცა.
ჯემალ ინჯიას დამსახურებული ჯილდო ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა ნინო ანდრიაძემ, ხოლო ნანა ქარდავას − კოლაუ ნადირაძის შვილთაშვილმა, ლელა გაბუნიამ გადასცეს.
გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული ჯილდოები − „მეოცნებე ნიამორები“, დიპლომები და ფულადი პრიზი − 3000 ლარი.
დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, დაჯილდოებას ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, შალვა კარმელის, კოლაუ ნადირაძის შთამომავლებიც ესწრებოდნენ, რაც საღამოს განსაკუთრებულ განწყობას სძენდა.
დაჯილდოების საღამოს, თავიდან ბოლომდე, სევდიანი, და ამავე დროს ამაღლებული ინტონაციაც გასდევდა − ცისფერყანწელთა შთამომავლების იქ ყოფნის გამო, ცისფერყანწელთა დიდი ნაწილის ტრაგიკული, ხანმოკლე, მაგრამ გენიალური და უკვდავი ცხოვრების, მათი განუმეორებელი შემოქმედების გამო, და იმიტომაც, რომ ეს დღე მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლის კედლებში შედგა.
„მეოცნებე ნიამორები“ საზოგადოებას წლის ბოლომდე, მორიგი კონკურსის გამოცხადებამდე დაემშვიდობა.