მწერალთა სახლში გრძელდება შეხვედრების სერია ლიტერატურული პრემია „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან.
4 მარტს გაიმართა „მუზა“ 2025-ის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებული მთარგმნელის რუსუდან ღვინეფაძის თარგმანის - ელიას კანეტის ,,დაბრმავება” წარდგენა.
შეხვედერას მოდერაციას უწევდა მთარგმნელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ღარიბაშვილი, რომელმაც შეხვედრის დასაწყისში აუდიტორიას წარუდგინა მთარგმნელი და ისაუბრა რუსუდან ღვინეფაძის მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ.
რუსუდან ღვინეფაძემ მადლობა გადაუხადა ლიტერატურული პრემია „მუზას“ ჟიურის − მისი თარგმანის დაჯილდოებისთვის და ისაუბრა პრემირებული თარგმანის - ელიას კანეტის ,,დაბრმავების“ შესახებ. ელიას კანეტი (1905-1994), ბრიტანელ-ავსტრიელი მწერალი, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნობელის 1981 წლის პრემიის ლაურეატია. „დაბრმავება“ მწერლის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. წიგნი გამომცემლობა ,,სიესტამ“ გამოსცა. მთარგმნელმა შეხვედრის მსვლელობისას წაიკითხა თარგმნილი წიგნიდან ამონარიდები, ისაუბრა მთარგმნელობით საქმიანობაზე და უპასუხა აუდიტორიის კითხვებს.
შეხვედრები „მუზა“ 2025-ის ლაურეატებთან იმართება ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში.
მომდევნო შეხვედრა გაიმართება 11 მარტს, „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირების“ ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორთან, ზურაბ კანდელაკთან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ნომინაციაში ჯილდო გაიყო და „მუზა“ 2025-ის გამარჯვებული, ასევე, გახდა მწერალი და დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი.