დღეს მწერალთა სახლში გაიხსნა გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა — „აი, რა მზის სიზმარია“.
გამოფენის გახსნას მწერალთა სახლში დაესწრო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და მხატვართა საოჯახო არქივში დაცული ნამუშევრები: მწერალთა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, ბიუსტები და ფოტოები.
მხატვრების ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში; აგრეთვე - საგურამოსა და ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში; ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში; ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და ამბროლაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობას დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“ მწერალთა სახლში 14 აპრილამდე გაგრძელდება.
კურატორები: თეა თვალავაძე, ნინო ჯიშკარიანი