პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მიერ მომზადებული პროგრამა წარმატებით დასრულდა.
გრან პალეში წარმოდგენილმა ეროვნულმა სტენდმა, რომელიც ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე აიგო, საერთაშორისო აუდიტორიას ქართული მწერლობის თექვსმეტსაუკუნოვანი ტრადიცია და 120-ზე მეტი ფრანგულენოვანი გამოცემა გააცნო.
ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი გამოცემებით, რომლებიც მოიცავდა: მხატვრულ ლიტერატურას, სამეცნიერო-პოპულარულ და კრიტიკულ ნაშრომებს, საბავშვო წიგნებს, ალბომებს ქართული ხელოვნების შესახებ, სპორტულ და კულინარიულ ლიტერატურას.
ქართულ სივრცეში წარმოდგენილი იყო გამომცემლობები: „შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა“, „ფოლიანტი“, „დიოგენე“, „საქართველოს წიგნი“, „წიგნი+ერი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, „ბიო“, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი, ასევე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
საქართველოს მწერალთა სახლის მიერ შემუშავებული სამდღიანი პროგრამის ფარგლებში „გრან პალეში“ გაიმართა წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, უცხოელ გამომცემლებთან და ლიტერატურულ აგენტებთან; პანელური დისკუსიები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ავტორებმა და გამომცემლობებმა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კინოჩვენებებს, მუსიკალურ ღონისძიებებს და ქართული კულინარიის პრეზენტაციებს. ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო გამოფენები, გაიმართა საბავშვო ღონისძიებები.
ქართულ სტენდზე შედგა შეხვედრა პარიზის წიგნის ფესტივალის დირექტორ პიერ-ივ ბერენგერთან და ბაზრობის წარმომადგენლებთან, შემდგომი საქმიანი ურთიერთობების დაგეგმვის მიზნით.
პარიზის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი დაიხურა კონცერტით − „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: სოპრანო იანო ალიბეგაშვილმა, ბანმა გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ. საღამო მუსიკალურად გააფორმა პარიზის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ორკესტრმა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველომ უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა.
წელს საქართველო ფესტივალის საგანგებო სტუმარი იყო.